
ოპერა გარნიეს პროექტის ავტორი იყო ჟან ლუი შარლ გარნიე, ფრანგი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე. იგი დაიბადა 1825 წლის 6 ნოემბერს ქალაქ პარიზში.1838 წლიდან სწავლობდა ხატვის სკოლაში, ხოლო 1840 წლიდან მუშაობდა J.A-Leveil-ის სახელოსნოში, რომელიც მალევე დაიხურა დაუფარავი ვალების გამო. 1842 წლიდან პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სამეფო სკოლაში ლუი-იპოლიტის სტუდენტი იყო, ხოლო 1848 წელს რომის პირველი პრემია (Premier Grand Prix de Rome) დაიმსახურა. 1849 წლის 17 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სწავლობდა რომის ფრანგულ აკადემიაში, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა საბერძნეთში. პარიზში დაბრუნების შემდეგ გარნიე გახდა რამდენიმე პროექტის ავტორი, მაგრამ 1861 წლამდე ნაკლებად ცნობილი იყო, სანამ კონკურსში არ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ოპერა გარნიეს არქიტექტორად დაინიშნა. 1861 წელს, 35 წლის ასაკში იგი შეუდგა ახალი ოპერის შენებას. დიდი ბიუჯეტის დამსახურებით გარნიემ შეძლო შენობის იშვიათი და ძვირფასი მასალით გაფორმება. 1864 წელს იგი დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. ოპერის მშენებლობის დასრულების შემდეგ შარლ გარნიე ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი გახდა, მონაწილეობდა სახელმწიფო კომისიებში. 1874 წელს საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი გახდა, ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის განყოფილებაში. მას დაწერილი აქვს რამდენიმე სტატია არქეოლოგიის და არქიტექტურის შესახებ სხვადასხვა ფრანგული გამომცემლობისთვის. გამსაკუთრებულია გარნიეს წიგნი "ახალი პარიზის ოპერა", რომელიც დაიწერა 1876-77 წლებში. წიგნი მთლიანად მიძღვნილია თეატრების მშენებლობას.
არქიტექტორის გარდაცვალების (1898 წლის 3 აგვისტო) შემდეგ, გადაწყვიტეს აღემართათ მისი ქანდაკება, რომლის ინაუგურაციაც 1903 წელს მოხდა. ეს არის შარლ გარნიეს ბრინჯაოს მოოქროვილი ბიუსტი, რომელსაც ორივე გვერდს ქალი პერსონაჟები უმშვენებს.
No comments:
Post a Comment