Wednesday, May 27, 2009

არქიტექტურული კომპოზიცია









არნიეს ქმნილებაში სხვადასხვა სტილი ერთმანეთში ირევა, მაგრამ ყველას ბაროკო სჭარბობს. შენობის არქიტექტურა გამოირჩევა გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებით. გარედან ისევე როგორც შიგნით გამოყენებულია კირქვა, სხვადასხვა ფერის მარმარილო. ნახატების ნაწილები მოოქროვილია. ხშირად გამოყენებულია რკინა, რომელიც გარედან ქვით ან თიხით არის დაფარული. ძირითადი ორნამენტია ქანდაკება "ცეკვის ალეგორია" რომელიც ფასადის ჩრდილოეთ ნაწილს ამშვენებს. აღმოსავლეთის ფასადი, ისევე როგორც დასავლეთის იწყება მწვანე მარმარილოს კოლონებით. აღმართულია რამდენიმე ბრინჯაოს ქალის ფიგურა. დიდი დარბაზი წითელ-ოქროსფერ ფერებშია გაფორმებული, იტალიურ სტილში ნალის ფორმას წააგავს. დარბაზი განათებულია დიდი ბროლის ჭაღით, ხოლო ჭერი მოხატა 1964 წელს მარკ შაგალმა. დარბაზი 1900 კაცს იტევს. თითოეულ სკამზე წითელი ბარხატია გადაკრული. ხავერდის, ოქროს ფოთლების, ქერუბიმების და ნიმფების სიუხვით შენობის ინტერიერი ტიპურია ბაროკოსეული ფუფუნებისთვის.

სურათები ფილმიდან "ოპერის მოჩვენება"









"ოპერის მოჩვენება"


პარიზს ბევრი ლეგენდა აქვს, მაგრამ ლეგენდა ოპერის მოჩვენებაზე ყველაზე პოპულარულია. ოპერის მშენებლობა გააჭიანურა მიწისქვეშა წყალმა, ხშირი დატბორვის გამო. შარლ გარნიემ კი ორმაგი კედლით შეძლო წყლის იზოლირება. სწორედ ამ კედლებს შორის მოათავსა მწერალმა, გასტონ ლერუმ, ოპერის მოჩვენების სამყოფელო. 1910 წელს გამოვიდა მისი წიგნი "ოპერის მოჩვენება" (le Fantome de L'opera), სადაც რეალურ პროტოტიპად პარიზის გრანდ ოპერა მოიაზრებოდა. წიგნის სიუჟეტზე დადგმულია რამდენიმე თეათტრალური დადგმა და გადაღებულია მრავალი ფილმი. დღესდღეობით ყველაზე ცნობილია 1986წ. ენდრიუ ლოიდ-ვებერის მიერ დადგმული მიუზიკლი "The Phantom of the Opera", რომელიც დიდი წარმატებით იდგმება ლონდონის თეატრებში და 2004 წელს, რეჟისორ ჯოელ შუმახერის მიერ გადაღებული ფილმი იმავე სახელწოდებით. ფილმში გადაღებული რამდენიმე სცენა თვით გარნიეს ოპერაში მიმდინარეობდა.

Tuesday, May 26, 2009



View ოპერა გარნიე in a larger map

შარლ გარნიე


ოპერა გარნიეს პროექტის ავტორი იყო ჟან ლუი შარლ გარნიე, ფრანგი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე. იგი დაიბადა 1825 წლის 6 ნოემბერს ქალაქ პარიზში.1838 წლიდან სწავლობდა ხატვის სკოლაში, ხოლო 1840 წლიდან მუშაობდა J.A-Leveil-ის სახელოსნოში, რომელიც მალევე დაიხურა დაუფარავი ვალების გამო. 1842 წლიდან პარიზის ნატიფ ხელოვნებათა სამეფო სკოლაში ლუი-იპოლიტის სტუდენტი იყო, ხოლო 1848 წელს რომის პირველი პრემია (Premier Grand Prix de Rome) დაიმსახურა. 1849 წლის 17 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სწავლობდა რომის ფრანგულ აკადემიაში, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში მოგზაურობდა საბერძნეთში. პარიზში დაბრუნების შემდეგ გარნიე გახდა რამდენიმე პროექტის ავტორი, მაგრამ 1861 წლამდე ნაკლებად ცნობილი იყო, სანამ კონკურსში არ გაიმარჯვა, რის შედეგადაც ოპერა გარნიეს არქიტექტორად დაინიშნა. 1861 წელს, 35 წლის ასაკში იგი შეუდგა ახალი ოპერის შენებას. დიდი ბიუჯეტის დამსახურებით გარნიემ შეძლო შენობის იშვიათი და ძვირფასი მასალით გაფორმება. 1864 წელს იგი დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. ოპერის მშენებლობის დასრულების შემდეგ შარლ გარნიე ერთ-ერთი ცნობილი არქიტექტორი გახდა, მონაწილეობდა სახელმწიფო კომისიებში. 1874 წელს საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი გახდა, ნატიფ ხელოვნებათა აკადემიის განყოფილებაში. მას დაწერილი აქვს რამდენიმე სტატია არქეოლოგიის და არქიტექტურის შესახებ სხვადასხვა ფრანგული გამომცემლობისთვის. გამსაკუთრებულია გარნიეს წიგნი "ახალი პარიზის ოპერა", რომელიც დაიწერა 1876-77 წლებში. წიგნი მთლიანად მიძღვნილია თეატრების მშენებლობას.
არქიტექტორის გარდაცვალების (1898 წლის 3 აგვისტო) შემდეგ, გადაწყვიტეს აღემართათ მისი ქანდაკება, რომლის ინაუგურაციაც 1903 წელს მოხდა. ეს არის შარლ გარნიეს ბრინჯაოს მოოქროვილი ბიუსტი, რომელსაც ორივე გვერდს ქალი პერსონაჟები უმშვენებს.

გარნიეს სასახლე


გარნიეს სასახლე, ასევე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს. 1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე.